Saturday, March 23, 2013
ფიროსმანის სასწორი საზოგადოების კუთვნილება გახდა
ფიროსმანის მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების ინიციატივით გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმმა შეიძინა სასწორი, რომელსაც ფიროსმანი იყენებდა. სასწორი ინახებოდა თბილისის ერთ–ერთ ოჯახში, კერძოდ ლამარა ალუღიშვილთან, რომელიც ფიროსმანის მეგობრის დიმიტრი ალუღიშვილის შვილიშვილია. სწორედ დიმიტრი ალუღიშვულთან ერთად ვაჭრობდა ფიროსმანი ამ სასწორით ერთი წლის განმავლობაში. იგი მაწონს ყიდდა. სასწორი მეორე ნივთია, რომელიც საზოგადოებას გადაეცა და რომელიც დადასტურებულად ფიროსმანის "კუთვნილება" იყო. ვინაიდან ნიკო ფიროსმანის ცხოვრების წესიდან გამომდინარე მას არ გააჩნდა საკუთრება, ამიტომ მასთან დაკავშირებული ყოველი ნივთი მნიშველოვანია და მხატვრის საკუთრებად შეიძლება გამოვაცხადოთ. პირველი ნივთი არის ფიალა, რომელიც თბილისის ერთ–ერთ დუქანში იმყოფებოდა და მასზე ფიროსმანის მიერ გაკეთებული წარწერაა: "ღმერთმა გაუმარჯოს პურმარილიან კაცსა ნიკო ფიროსმანაშვილსა". ამ ფიალით ცნობილ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, სწორედ ამ ტრადიციის წყალობით ფიალა მოხვდა გალაქტიონის ხელში, რომელმაც ასევე დატოვა მასზე წარწერა: "აიტაცე ფიროსმანის ფიალა ააღვინდი ათეთრებულ ღრუბლებს გ. ტაბიძე". ფიალა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმშია დაცული.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment